ვოლოდიმირ ზელენსკი: „მარცვლეულის დერეფანს" საიმედო და გრძელვადიანი დაცვა სჭირდება

უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გრძელდება, თუმცა ეს პროცესი უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამ დღეებში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით გემების მოძრაობა გაგრძელდა, პირველ რიგში, პარტნიორების, კერძოდ, გაეროს და თურქეთის დახმარებით, რომლებიც არ ურიგდებიან რუსეთის ძალისხმევას, გაანადგუროს მარცვლეულის შეთანხმება. მაგრამ მარცვლეულის დერეფანს სჭირდება საიმედო და გრძელვადიანი დაცვა.

რუსეთმა ნათლად უნდა იცოდეს, რომ ის მიიღებს მკაცრ პასუხს მსოფლიოსგან ნებისმიერ ნაბიჯზე, რომელიც აფერხებს ჩვენი სურსათის ექსპორტს. ეს ფაქტიურად ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის საკითხია“, - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ 2 ნოემბრისთვის, შავი ზღვის დერეფნით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება არ დაგეგმონ, - ამის შესახებ გაეროს სამდივნო იუწყება.

მისივე განცხადებით, საკოორდინაციო ცენტრმა პირველ ნოემბერს ჩაატარა 36 ინსპექტირება გამავალ გემებზე.

29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა.

დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.

პირველ ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.